"კარი მეზობელმა შეაღო და იატაკზე ორი გარდაცვლილი დახვდა" - ცნობილია ახალციხეში მოკლული ქალის ვინაობა: რას ჰყვებიან ადგილობრივები
- 02-May-2025, 12:39
- მომხდარით ჩვენც გაოგნებულები ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, გარდაცვლილები მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდნენ, არც ბევრი სტუმარი მოუდიოდათ; თუმცა ბინა იმდენი ხნის დაქირავებული ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა მაინც გვიწევდა. ესეც რომ არა, ახალციხე ისედაც პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ისე კი, მამაკაცი ახალციხელი არ ყოფილა, ასპინძიდან იყო. ქალი იყო ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან. ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. კაცი უფროსი იყო, მაგრამ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უგებდნენ ერთმანეთს. სამუშაოზე მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხოლმე, ხმაურით არავის აწუხებდნენ. ასე, სრულიად მოულოდნელად, ეს ორივე ადამიანი "დამთავრდა"... დიდი უბედურებაა სიცოცხლის ასეთი დასასრული, ალბათ, თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი დასასრული ექნებოდათ.
- გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გულში ნასროლი ჭრილობით არის გარდაცვლილი, მას მამაკაცმა ესროლა და მერე თავად მოიკლა თავი. ნუთუ, სროლის ხმა არავის გაუგია?
- ხმა რომ გაგვეგო ვინმეს, ხომ იმავე ღამეს მივიდოდით, რომ ეგებ, რომელიმე მათგანი გადაგვერჩინა. პირველ სართულზე ჰქონდათ ბინა დაქირავებული, მეზობელმა ბინის წინ რამდენჯერმე ჩაიარა და კარი რომ სულ საეჭვოდ ღია იყო, ამიტომ შეაღო და... ორი გარდაცვლილი დახვდა. შოკში ჩავარდა საწყალი. დანარჩენი მეზობლები შეცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს. მაგას სასწრაფო დახმარების ექიმებიც მოჰყვნენ და პროზექტურაში გადაასვენეს.
პოლიცია დაადგენს, როგორ და რა ვითარებაში არიან გარდაცვლილები. თუმცა მეზობლებმა მაინც ვიფიქრეთ, სხვა ვიღაც ხომ არ მოვიდა და ეს ხალხი დახოცაო. კაცს თუ ქალის მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული, იარაღი გამზადებული ჰქონდა, მკვლელობისას კარს ღიად რატომ დატოვებდა?! ბინაში მათი ნათესავები არავინ გამოჩენილან. პროზექტურაში მივიდნენ თუ არა ეს ნათესავები, ეგეც არ ვიცით.
იმედია, მომხდარს შესაბამისად გამოიძიებენ, ადამიანი მწერი ხომ არ არის, ასე რომ ვხოცავთ ერთმანეთს. დიდი უბედურებაა ეს!
(სპეციალურად საიტისთვის)